ყრუ და სმენადაქვეითებული პირების უფლებების დაცვის კუთხით მომუშავე ორგანიზაციები ეხმაურებიან სახელმწიფოსა და მასმედიის მხრიდან განხორციელებულ მასობრივ დისკრიმინაციას, რომელიც ეხება ინფორმაციის გაშუქებას SARS-Cov-2 მიერ გამოწვეული დაავადების - ახალი კორონავირუსის (COVID-19) შესახებ. ყრუ და სმენადაქვეითებული ადამიანები საქართველოს სრულუფლებიანი მოქალაქეები არიან, თუმცა, პრეს-კონფერენციებზე, სიუჟეტებში, სოციალური მედიით გაჟღერებული მნიშვნელოვანი ინფორმაცია ადამიანის უსაფრთხოებისა და სიცოცხლის დაცვის შესახებ ჩვენთვის მიუწვდომელია, რადგან მას არ ახლავს თარგმანი ჟესტურ ენაზე და სუბტიტრები. დღევანდელ ვითარებაში, ჩვენ მიმართ ხორციელდება დისკრიმინაცია. უხეშად ირღვევა ჩვენი კონსტიტუციური უფლებები და იგნორირებულია გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია. ჩვენ მოვითხოვთ წვდომას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინფორმაციაზე, რაც უზრუნველყოფილი იქნება არსებულ საკითხთან დაკავშირებით მთავრობის მიერ გაკეთებულ ყველა განაცხადის ჟესტურ ენაზე თარგმნითა და სუბტიტრების დამატებით. ჩვენ ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ, შვილები, მშობლები, ბებია-ბაბუები და როგორც ყველას, გვინდა დავიცვათ საკუთარი თავები და ოჯახები ვირუსისგან. ჩვენ სმენის დაზიანება გვაქვს, რაც არ ნიშნავს ამ ვირუსზე იმუნიტეტის ქონას. პეტიცია ინიცირებულის შემდეგი ორგანიზაციების მიერ: ფონდი "ჰუმან დოკ" ა(ა)იპ ფონდი აურეს ა(ა)იპ საქართველოს ყრუთა კავშირი ასოციაცია ქალი, ბავშვი და სოციუმი ა(ა)იპ ვოლფრამის სინდრომი საქართველო ა(ა)იპ Სმენის არმქონე/პრობლემების მქონე ბავშვთა და მშობელთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია ა(ა)იპ ახალგაზრდული ორგანიზაცია ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის