პეტიციები

ილიასეული სასამართლო შენობა დაუყონებლივ რეაბილიტაციას საჭიროებს!

ცნობილი საზოგადო მოღვაწე, ილია ჭავჭავაძე, 1864-1873 წლებში სახელმწიფო სამსახურში ჩამდგარი დუშეთის მაზრაში იქნა გამწესებული ჯერ მომრიგებელ შუამავლად, შემდგომ კი დუშეთის მაზრის მომრიგებელ მოსამართლედ. შენობას, სადაც ილია სამართალს განსჯიდა, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2013 წლის 12 დეკემბრის ბრძანება #03/224-ის საფუძველზე კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ეს შენობა წლებია მიტოვებულია და დღეს ფიზიკური განადგურების წინაშეა. მას ისტორიულ-მემორიალური მნიშვნელობაც გააჩნია, როგორც ილია ჭავჭავაძის სახელთან დაკავშირებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს და ქალაქ დუშეთის კულტურულ და ეკონომიკურ განვითარებაში უდიდესი როლის შესრულებაც შეუძლია. მიუხედავად იმისა, რომ შენობა კერძო საკუთრებაშია, კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო უფლებამოსილია თავად მოახდინოს ძეგლის რეაბილიტაცია როდესაც ძეგლის მდგომარეობა გადაუდებელ ჩარევას მოითხოვს თუ კერძო მესაკუთრე აღნიშნულს ვერ უზრუნველყოფს. ვითხოვთ, საქართველოს მთავრობის მიერ დაუყონებლივ გამოძებნილი იქნას ფინანსური რესურსი ილიასეული სასამართლო შენობის გადასარჩენად.

სტატუსი: დაარქივებული
დარჩენილია ხმა
ხელმოწერები: 556 / 10000
კატეგორია:: კულტურა,
ვადა: 0 დღე
შექმნის თარიღი: 19 მარტი 2018
ავტორი: ლია როინიშვილი