მუნიციპალიტეტებისათვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების გადაცემის პროცესი ხელს შეუწყობს ხელისუფლების დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობათა დამოუკიდებლობის დონის ამაღლებას, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მუნიციპალიტეტების ეკონომიკურ მდგრადობას. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების მუნიციპალიტეტებისათვის გადაცემის შემთხვევაში, თვითმმართველობებს შესაძლებლობა მიეცემათ საკუთარი ქონების განკარვით (იჯარა, პრივატიზაცია, მართვის უფლებით გადაცემა და ა.შ.) წარმართონ ეკონომიკური საქმიანობა და საკუთარ მუნიციპალიტეტებში არსებული პრობლემების გადასაჭრელად დამატებითი ფინანსური რესურსების მობილიზება მოახდინონ. აღნიშნული საკითხის დროული გადაწყვეტა ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტების მყარი ქონებრივი ბაზის ჩამოყალიბებას, მათი ფინანსური დამოუკიდებლობის ზრდასა და ადგილობრივი საინვესტიციო გარემოს გაჯანსაღებას. მიგვაჩნია, რომ საჭიროა მთავრობამ დროულად შეიმუშავოს და დაამტკიცოს მუნიციპალიტეტებისთვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების გადაცემის ვადების ამსახველი გრაფიკი და წესი, ასევე გონივრულ ვადებში დაიწყოს მუნიციპალიტეტებისათვის მიწების გადაცემის პროცესი.