პეტიციები

აიკრძალოს თამბაქოს მოხმარება საჯარო თავშეყრის ადგილებში

პეტიციის მიზანია კიდევ ერთხელ შეახსენოს საქართველოს მთავრობას საჯარო თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოხმარების აკრძალვის გადაუდებელი საჭიროება. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში აღარ დგას, მოქალაქეები კი უკვე რამდენი ხანია უშედეგოდ ველოდებით შესაბამისი კანონის მიღებას. ყველას აქვს უფლება იცხოვროს, იმუშაოს, ისწავლოს ან გაერთოს ჯანსაღ გარემოში, რაც შეუძლებელი ხდება, როდესაც თითქმის არცერთ საჯარო თავშეყრის ადგილას თამბაქოს მოხმარების აკრძალვა ეფექტურად არ მოქმედებს. სიგარეტის მეორადი გამონაბოლქვი კიდევ უფრო მომწამვლელია და პასიურ მწეველებში (განსაკუთრებით, მოზარდები და ბავშვები) მთელ რიგ დაავადებებს იწვევს. მსოფლიოში დაახლოებით 600 000 ადამიანი იღუპება მეორადი გამონაბოლქვის სუნთქვის შედეგად. (http://www.who.int/gho/phe/secondhand_smoke/en/) მაგალითისთვის, თბილისში მხოლოდ რამდენიმე ბარ-რესტორანია, სადაც მოწევა მთლიანად აკრძალულია. გართობის დაწესებულებებს რომ თავი დავანებოთ, თამბაქოს კვამლისგან თავისუფალი გარემო თითქმის არსადაა, რადგან ეწევიან ყველგან - შენობებში (კუთხეში გამოყოფილი მოსაწევ ადგილებში თითქოსდა კვამლს გადაადგილება არ შეეძლოს), მიკროავტობუსებში და ტაქსებში (მძღოლები), მეტროს სადგურებში და სხვა თავშეყრის ადგილებში. ბელგია, პოლონეთი და ესპანეთი (და სხვა მრავალი ქვეყანა) არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ მკაცრ სამთავრობო მიდგომას თამბაქოს მოხმარების მიმართ საჯარო დაწესებულებებში შეუძლია მკვეთრად შეამციროს თამბაქოს კვამლის უარყოფითი გავლენა რიგითი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე. (https://ec.europa.eu/health/tobacco/smoke-free_environments_en) აღარავინ დავობს სიგარეტის მოხმარების მავნებლობასთან დაკავშირებით. ახლა საჭიროა კიდევ ერთი, წინ გადადგმული ნაბიჯი, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი თანამოქალაქეებისთვის ინტეგრირებული და ჯანსაღი გარემოს უზრუნველყოფას. საზოგადოებრივი კონსენსუსისთვის კი არამხოლოდ არამწეველთა, არამედ მწეველთა მხარდაჭერაც და სათანადოდ გააზრებული პირადი სოციალური პასუხისმგელობაც საჭიროა. გთხოვთ, ხელისმოწერით დაადასტუროთ მხარდაჭერა აღნიშნული ინიციატივის მიმართ, რათა იგი დაუბრუნდეს სამთავრობო დღის წესრიგს და განხორციელდეს ქმედითი ცვლილებები კანონმდებლობაში.

სტატუსი: დაარქივებული
დარჩენილია ხმა
ხელმოწერები: 74 / 10000
კატეგორია:: ჯანდაცვა,
ვადა: 0 დღე
შექმნის თარიღი: 22 თებერვალი 2018
ავტორი: შორენა მეგრელიშვილი