“საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბერის № 508 დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის განაცხადის საქართველოში შეტანიდან 10 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასურია 100 ლარი, ხოლო ამავე დადგენილების მე-5 მუხლის თანახმად, დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ, უცხო სახელმწიფოში მყოფ საქართველოს მოქალაქეზე ბიომეტრიული პასპორტის გაცემისთვის (ვადა არ არის მითითებული), მომსახურების საფასურია 130 აშშ დოლარი. როგორც მითითებული საფასურებიდან ჩანს, საქართველოს მოქალაქეებისათვის ერთიდაიგივე მომსახურეობაზე (ბიომეტრული პასპორტის გაცემაზე) განსზღვრულია სხვადასხვა საფასური, რაც აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს მოქალაქეები არ იმყოფებიან თანაბარ მდგომარეობაში და საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისათვის საფასურის გადახდის ტვირთვი უფრო მეტია, ვიდრე საქართველოში მყოფ საქართველოს მოქალაქეებისათვის, რაც მიუთითებს აშკარა დისკრიმანაციაზე. საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის მე-13 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, საქართველო მფარველობს თავის მოქალაქეს განურჩევლად მისი ადგილსამყოფელისა, ხოლო ამავე კონსტიტუციის მე-14 მუხლის თანახმად, ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა. შესაბამისად, მოქმედი საკონსტიტუციო ნორმები პირდაპირ მიუთითებენ, რომ საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად კანონის წინაშე ყველა თანასწორია და არის სახელმწიფოს მფარველობის ქვეშ, მათ შორის უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეებიც. ამდენად, ქართული სახელმწიფოს მიერ აღიარებულ პრინციპებით თუ ვიხელმძღვანელებით ნათლად დავინახავთ, რომ საქართველოს მთავრობის მოქმედი დადგენილების მე-5 მუხლში დადგენილი საფასური არათანასწორ მდგომარეობაში აყენებს უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საქართველოში მყოფ საქართველოს მოქალაქეების მიმართ, რადგან უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეები იხდიან 130 აშშ დოლარს, მაშინ როდესაც საქართველოში მყოფი საქართველოს მოქალაქეები იხდიან 100 ლარს. ამასთანავე, თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის დღევანდელი მონაცემით 1 აშშ დოლარის მიმართ დადგენილია 2.5266 ლარის გაცვლითი კურსი, მაშინ გამოდის რომ უცხო სახელმწიფოში მყოფ საქართველოს მოქალაქე ბიომეტრიული პასპორტის გაცემისათვის იხდის 328.458 ლარს ანუ 228.458 ლარით მეტს ვიდრე საქართველოს მოქალაქე იხდის საქართველოში. ყოველივე ზემოაღნშნულიდან გამომდინარე, მივმართავ საქართველოს მთვარობას, რათა მოხდეს საქართველოს მთავრობის დადგენილების გადახედვა და დადგენილების შესაბამისობაში მოყვანა საქართველოს კონსტიტუციის მიერ აღიარებული თანასწორობის პრინციპთან, რის შედეგადაც განხორციელდება საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის გაცემისათვის ერთიანი საფასურის დადგენა ეროვნულ ვალუტაში საქართველოს მოქალაქეებისათვის, მიუხედავად მათი საცხოვრებელი ადგილისა.