პეტიციები

სკოლაში შშმ პირებისთვის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება

2006 წლის 13 დეკემბერს "გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ“ მიიღო "შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენცია“, დოკუმენტში დაფიქსირებულია, რომ "მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებას განათლებაზე. ამ უფლების დისკრიმინაციის გარეშე და თანაბარ პირობებში რეალიზებისათვის, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ ინკლუზიური განათლების სისტემის დანერგვასა და მთელი ცხოვრების მანძილზე განათლების მიღების მისაწვდომობას“. ხსენებულ კონვენციას საქართველოც შეუერთდა და ამგვარად, ვალდებულია, შექმნას პირობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განათლებისათვის. საჯარო სკოლებში ინკლუზიური განათლების ჯეროვნად დანერგვის ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობა სკოლების გამართული ინფრასტრუქტურა, ფიზიკური გარემო და რესურსების მისაწვდომობის უზრუნველყოფაა. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ზოგადი განათლების საფეხურზე ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად კვლავ რჩება სკოლების მოძველებული და გაუმართავი ინფრასტრუქტურა, რომელიც უმეტესად ვერ აკმაყოფილებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მისაწვდომობის სტანდარტებს. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2019 წლის 1 მარტის კორესპონდენციაში მითითებულია, რომ საქართველოს მასშტაბით მოქმედი 2084 საჯარო სკოლიდან მხოლოდ 120-მდე საჯარო სკოლის შენობაა სრულად ადაპტირებული, ხოლო 690-მდე - ნაწილობრივ ადაპტირებული. სკოლების უმრავლესობაში არ არის ადაპტირებული გარემო: პანდუსები, ლიფტები, სპეციალური საპირფარეშოები… ამის გამო, შშმ მოსწავლეებს უჭირთ დახმარების გარეშე გადაადგილება შენობაში, რაც შეიძლება იწვევდეს განცდას, თითქოს ისინი საზოგადოებისთვის „ტვირთს“ წარმოადგენენ, ეს კი მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობისთვის საზიანოა. ის, რომ ეტლის მომხმარებელი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის მეტ-ნაკლებად სიტუაცია უმჯობესდება, არ ნიშნავს, რომ ყველაფერი იდეალურადაა და არც იმას, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა აბსოლუტური უმრავლესობა არის ეტლით მოსარგებლე - მაგალითად, ტოტალური უსინათლობის მქონე სტუდენტებს არა აქვთ ბრაილის შრიფტით ნაბეჭდი ან აუდიო ფორმატში გადატანილი სასწავლო სახელმძღვანელოები. ქვეყანაში თანასწორი და ინკლუზიური გარემოს შესაქმნელად სახელმწიფომ უნდა შეადგინოს უკეთესი სამოქმედო გეგმა, გამოყოს ფინანსური რესურსები და უზრუნველყოს სკოლები შესაბამისი ინფრასტრუქტურით. სრულყოფილი განათლებისადმი წვდომა ყველა ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა და შესაბამისად, აუცილებელია შშმ მოსწავლეების ეს უფლება დავიცვათ.

სტატუსი: დაარქივებული
დარჩენილია ხმა
ხელმოწერები: 90 / 5000
კატეგორია:: განათლება, ფინანსები, სოციალური საკითხები,
ვადა: 0 დღე
შექმნის თარიღი: 13 იანვარი 2021
ავტორი: დავით გულორდავა