პეტიციები

გაუქმდეს გლდანის სამშენებლო ნარჩენების მუნიციპალური ნაგავსაყრელი და მოხდეს მისი გადატანა ქალაქიდან მოშორებით

ჩვენ ქალაქ თბილისის მაცხოვრებლები მოვითხოვთ გაუქმდეს გლდანში არსებული სამშენებლო ნარჩენების მუნიციპალური ნაგავსაყრელი და მოხდეს მისი გადატანა ქალაქიდან და დასახლებული პუნქტებიდან მინიმუმ 10-15 კილომტრის მოშორებით. ჩვენს მოთხოვნას საფუძვლად უდევს ის გარემოება, რომ ეს უაკანსკნელი ნაგავსაყრელი არ არის იზოლირებული, მას არ აქვს არავითარი დამცავი ღობე და იგი სრულიად დაუცველია გარეშე პირების შეღწევისგან, რის გამოც ყოველ ღამით ადგილი აქვს გარეშე პირების მიერ სამშენებლო ნარჩენების ნაგავსაყრელის ტერიტორიიდან ლითონის შემცველი მასალის მოგროვებას/ქურდობას და მათი ჯართის მიმღებ პუნქტებში ჩაბარების მიზნით, ღია ცის ქვეშ გამოწვას. აღნიშნული, კვამლის დაფარვის მიზნით ხდება ყოველთვის ღამის საათებში, რაც უკიდურესად ართულებს სახელმწიფო უწყებების მიერ ამ კანონდარღვევის ფიქსირებას და აღკვეთას. წვის შედეგად გამოყოფილი ნამწვის სუნი ვრცელდება გლდანის მე-7, მე-8, მე-3ა, მე-6, მე-4 მიკროების, თეთრი ტბის უბნის, გიორგი წმინდის, ბერთუბნის, წყაროთუბნის ტერიტორიებზე და არ იფანტება საათების განმავლობაში. ზემოხსენებული ტიპის ნარჩენების ღია ცის ქვეშ წვა (პლასტმასის, რეზინის, მეტალოპლასტმასის, ელექტრო სადენების და ა.შ) აკრძალულია საქართველოს ნარჩენების მართვის კოდექსით გარემოსთვის და ადამიანის ჯანმრთელობისთვის მისი უკიდურესად მაღალი საშიშროების გამო, კერძოდ ამ ტიპის წვისას გამოიყოფა ისეთი მავნე ქიმიური ნივთიერებები, როგორებიცაა დიოქსინი, კადმიუიმი, ვერცხლის წყალი და ა.შ. ამ ნივთიერებებს შეუძლიათ ონკოლოგიური და სხვა უკიდურესად მძიმე დაავადებების გამოწვევა. ნარჩენების არასწორი გამოყენება და განთავსება, რაც ზიანს აყენებს გარემოს და ადამიანთა ჯანმრთელობას აკრძალულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 288-ე მუხლითაც, აღნიშნული დანაშაულს წარმოადგენს საშიშროების წარმოქმნის მომენტიდან და სასჯელის სახით იწვევს თავისუფლების აღკვეთას. სწორედ ასეთი მაღალი საშიშროების გამო ჩვენ ქალაქ თბილისის მაცხოვრებლებს და განსაკუთრებით გლდანის მაცხოვრებლებს მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ნაგავსაყრელი უნდა იყოს დასახლებული პუნქტებიდან მოშორებით, რადგან ყოველ ღამით ძლიერ უსიამოვნო სუნისგან გამოწვეულ დისკომფორტზე, რომ აღარაფერი ვთქვათ ადგილი აქვს ჩვენი საარსებო გარემოს უკიდურესად საშიში ნივთიერებებით დაბინძურებას, რაც გვიზღუდავს სიცოცხლის, ჯანმრთელობის და სუფთა გარემოში ცხოვრების ფუნდამენტურ უფლებებს და უვარგისს ხდის ჩვენს საცხოვრებელ ადგილს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ძველი, უკვე გაუქმებული საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგავსაყრელიც, რომელიც მდებარეობს მოქმედი სამშნებელო ნარჩენების ნაგავსაყრელის მიმდებარედ არ არის დაკონსერვებული და ზემოხსენებული პრობლემის გარდა ძველი საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგავსაყრელის ტერიტორიაზეც მუდმივად მიმდინარეობს ბიოლოგიური და ქიმიური ქვედა ფენების წვა, რაც ატმოსფეროში ათავისუფლებს მრავალ მავნე აირს და აუარესებს ჩვენს ჯანმრთელობას დღითი-დღე.

სტატუსი: დაარქივებული
დარჩენილია ხმა
ხელმოწერები: 22 / 10000
კატეგორია:: გარემოს დაცვა,
ვადა: 0 დღე
შექმნის თარიღი: 19 აგვისტო 2020
ავტორი: სოფიო მეზვრიშვილი