დედების ჯგუფის და ყველა იმ ბავშვის სახელით,რომელიც ახლა ამ წუთას ებრძვის სიკვდილს, მოგმართავთ საქართველოს მთავრობას და ჯანდაცვის სამინისტროს 0-დან 16 წლამდე ონკოლოგიურ პაციენტებს ასევე 0-დან 16 წლამდე მძიმე დიაგნოზის მქონე პაციენტებს,რომლებიც სასწრაფოდ საჭიროებენ ოპერაციას,ან მკურნალობას,ან საზღვარგარეთ გადაყვანას და იქ მკურნალობას(ოპერაციას) დაუფინანსდეთ სრულად ყველაფერი ზემოთ ჩამოთვლილი. დაფინანსება და რეაგირება მოხდეს უმოკლეს ვადებში. საქართველოში არც ისე ცოტა ონკოლოგიური და სხვა მძიმე დიაგნოზის მქონე პაციენტები გვყავს(ძალიან ბევრი მათ შორის არის მცირეწლოვანი),თუმცა არც ისე ბევრი,რომ სახელმწიფომ ვერ იზრუნოს მათზე. უკვე რამდენი წელია სოციალური ქსელით ვიგებთ,რომ 1,2,3 და ა.შ წლის ბავშვები ებრძვიან ამა თუ იმ ვერაგ დაავადებას,მშობლები ყიდიან ყველაფერს რაც გააჩნიათ მათ გადასარჩენად,რომელიც არასდროს არ არის საკმარისი,ბარდებიან ლტოლვილად საზღვარგარეთ უიმედოდ, უმისამართოდ, უპატრონოდ,ყოველდღე მინიმუმ ერთი დედა მაინც ითხოვს ერთ ლარს შვილის სიცოცხლის გადასარჩენად და ამასობაში გადის უამრავი დღე. უმეტეს შემთხვევაში, თუ საზოგადოებას დროულად არ აუჩუყდა გული, ეს ბავშვები იღუპებიან. მშობელს შვილი არ უნდა უკვდებოდეს უსახსრობის გამო. ბავშვებმა უნდა იცოცხლონ და რაც მთავარია,მათ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა ბრძოლის და გადარჩენის.