2014 წელს საქართველოს პარლამენტმა მოახდინა გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის რატიფიცირება. მას შემდეგ კონვენცია ქართული სამართლებრივი სივრცის ნაწილად იქცა, მისი ნორმები კი– სახელმწიფოსთვის შესასრულებლად სავალდებულო გახდა. კონვენციით გარანტირებულია შშმ პირთა სოციალური დაცვა, ინდივიდუალურ საჭიროებებსა და გარემოებებზე დაფუძნებული სოციალური მხარდაჭერა, ცხოვრების ადეკვატური სტანდარტის უზრუნველყოფა. კონვენცია აღიარებს, რომ გარემოსა და საზოგადოებაში არსებული ბარიერები შშმ პირის სრულფასოვანი ფუნქციონირების, ცხოვრების ყველა ასპექტში სხვებთან თანასწორად ჩართვის დანახარჯებს მნიშვნელოვნად ზრდის არაშშმ პირებთან შედარებით. ასაკობრივი პენსია ასაკოვანი ადამიანისთვის მხოლოდ დასაქმების შესაძლებლობათა შემცირებიდან არ გამომდინარეობს. ადამიანებს აქვთ უფლება, სიკვდილამდე არ უწევდეთ მუშაობა და თავისი სიცოცხლის განმავლობაში საზოგადოებრივ განვითარებაში შეტანილი წვლილით ისარგებლონ და დაისვენონ შრომითი ვალდებულებებისგან. ამასთან რომ შევადაროთ სხვა თანაბარ პირობებში მყოფი მხედველი და უსინათლო ასაკოვანი ადამიანის დანახარჯები, რაც საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვანი ჩართულობისთვის ჭირდებათ, უსინათლოს მიერ გასაწევი ხარჯები საშუალოდ უფრო მეტი იქნება. თუნდაც გამცილებლის ხარჯის გამო. ამიტომ არის აუცილებელი შეზღუდული შესაძლებლობისადმი სოციალურ მოდელზე დაფუძნებული შშმ პირის სტატუსისა და სოციალური მხარდაჭერის ზომების ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე განსაზღვრა და მინიჭება, რომ თუკი ადამიანს ასაკთან ერთად განუვითარდება რამე ხანგრძლივი დაავადება, რომელიც არსებულ გარემოში მას საშუალო სტატისტიკურ მოხუცზე უფრო მეტად გაუძნელებს და გაუძვირებს საზოგადოებაში სრულფასოვან ჩართულობას, მას უნდა მიენიჭოს შშმ პირის სოციალური პაკეტიც ასაკობრივ პენსიასთან ერთად. ვთხოვთ საქართველოს მთავრობას, მიმართოს პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით, რომელიც უზრუნველყოფს ხანდაზმული შშმ პირისთვის შშმ პირის სოციალური კომპენსაციის შენარჩუნებას ასაკობრივი პენსიის დანიშვნის პარალელურად და მის მიუხედავად.