პეტიციები

შშმ პირთა დასაქმების მინიმალური სავალდებულო კვოტების დაწესება

საქართველოს პარლამენტმა 2014 წელს მოახდინა გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის რატიფიცირება. ამის შემდეგ კონვენცია ქართული სამართლის ნაწილად იქცა, მისი დებულებები კი– სახელმწიფოსთვის სავალდებულოდ. კონვენციით გარანტირებულია დასაქმების უფლებაც შშმ პირთათვის. სახელმწიფოს მიერ შშმ პირთა დასაქმების ხელშესაწყობად დღემდე შემოთავაზებული პროგრამები თითქმის უშედეგოა. საქართველოში შშმ პირის სტატუსის მატარებელი 160 ათასამდე შშმ პირიდან მხოლოდ ასეულები არიან დასაქმებულნი. ეს ნიშნავს, რომ შშმ პირის დასაქმება ჩვენთან გამონაკლისია და არა– წესი. სამუშაო ადგილას შშმ დასაქმებულთა კვოტირება მსოფლიოში აღიარებული პრაქტიკაა შშმ პირთა მასობრივი დასაქმების უზრუნველსაყოფად, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს. ყველა სხვა, ცნობიერების ამაღლებაზე, წახალისებაზე, კეთილ ნებაზე აგებული მხარდამჭერი და ხელშემწყობი პროგრამები ცალკე კვოტირების მექანიზმის პარალელური არსებობის გარეშე არაეფექტურია და მხოლოდ ერთეულ შშმ პირთა დასაქმების შესაძლებლობას ქმნის მათი განათლების, უნარებისა თუ მოხალისეობრივ საწყისებზე მიღებული გამოცდილებისა და პროფესიონალიზმის მიუხედავად. სამუშაო ადგილას მსხვილი ბიზნესისთვის შშმ პირთა გარკვეული ოდენობის დასაქმების ვალდებულების დაწესებას მოყვება შშმ პირის სტატუსის ტაბუს მოხსნა. დღეს ვისაც კი შეუძლია თავისი შეზღუდული შესაძლებლობის დამალვა, ყველა მალავს დისკრიმინაციის შიშით. ცდილობენ მოტყუებას, უარს ამბობენ შშმ პირის სტატუსის დადგენაზე, სერვისებსა და დამხმარე საშუალებებზეც კი. ეს მათს ცხოვრებას ძალზე ართულებს. მაგრამ თუკი დამსაქმებლებს მოუწევთ დადგენილი რაოდენობის შშმ პირთა დასაქმება, ისინი დაიწყებენ ამ ადამიანთა პროაქტიულ ძებნას. ისიც მართალია, რომ კვოტის შესავსებად პირველ რიგში დაასაქმებენ შედარებით მსუბუქი შეზღუდვის მქონე პირებს, რომლებიც, შეიძლება, ისედაც მუშაობენ, ოღონდ სტატუსს მალავენ. სამაგიეროდ კვოტები შეზღუდული შესაძლებლობის გამჟღავნებას უფრო მარტივს გახდის. ადამიანებს მოუნდებათ, თქვან, რომ შშმ პირები არიან, ამის აღიარება. დამსაქმებლებსაც ეს კი აღარ შეაშინებთ. ამ გზით გავიგებთ, რომ ზომიერად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ძალიან ბევრი გვყავს. მივმართავთ საქართველოს მთავრობას, შშმ პირთა ფართო ჩართულობით შეიმუშავოს კვოტირების უზრუნველმყოფი საკანონმდებლო ინიციატივა და მიმართოს პარლამენტს მისი კანონად ქცევის მიზნით.

სტატუსი: დაარქივებული
დარჩენილია ხმა
ხელმოწერები: 15 / 10000
კატეგორია:: ეკონომიკა, სოციალური საკითხები,
ვადა: 0 დღე
შექმნის თარიღი: 06 ივლისი 2020
ავტორი: ესმა გუმბერიძე