პეტიციები

რეპრესიების მსხვერპლთა სოციალური დახმარების გაზრდა

1921 წლის თებერვლიდან - 1990 წლის 28 ოქტომბრამდე, საბჭოთა ოკუპაციის და შემდგომ საბჭოთა კავშირის არსებობის დროს, საქართველოს მოქალაქეებმა განიცადეს მასობრივი რეპრესიები. რეპრესიები მასშტაბური და მწვავე იყო სტალინის პერიოდში, განსაკუთრებით 1937-1938 წლებში, რაც მოიცავდა მასობრივად ადამიანების დახვრეტას, გადასახლებას და ძირითად შემთხვევაში, რეპრესირებულთა ქონების სრულად ჩამორთმევას, რეპრესირებულთა ოჯახის წევრების სტიგმატიზაციას და საზოგადოებისგან გარიყვას, მათთვის არათანაბარი სოციალური პირობების შექმნას და შევიწროებას. 2012-2018 წლებში, საქართველოს საქალაქო სასამართლოს მიერ რეპრესირებულად, ან რეპრესირებული პირის პირველი რიგის მემკვიდრედ, აღიარებულ იქნა 16,468 პირი. საქართველოს სახელმწიფოს მიერ სხვადასხვა სოციალური კატეგორიის დახმაერბის მიზნით დაწესებულ საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ოდენობებს შორის, ყველაზე დაბალი, თვეში 7-ლარიანი დახმარება, გათვალისწინებულია პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებული პირებისთვის. 2020 წლის იანვრის მდგომარეობით, აღნიშნული საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიმღები საქართველოში არის 10,396 პირი. ვადგენთ აღნიშნულ პეტიციას, რათა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა საყოფაცხოვრებო სუბსიდია, რაც შეადგენს თვეში 7 ლარს, გაიზარდოს და გაუთანაბრდეს სხვა სოციალური კატეგორიებისთვის დაწესებულ საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ოდენობას - 44 ლარს. საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რეპრესირებულთათვის საყოფაცხოვრებო სუბსიდიის გაზრდა იქნება საქართველოში პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლი 10 ათასი მოქალაქისთვის მნიშვნელოვანი დახმარება და სახელმწიფოს მხრიდან მათი რეალური მხარდაჭერა.

სტატუსი: დაარქივებული
დარჩენილია ხმა
ხელმოწერები: 208 / 10000
კატეგორია:: სოციალური საკითხები,
ვადა: 0 დღე
შექმნის თარიღი: 01 ივლისი 2020
ავტორი: გიორგი კლდიაშვილი