პეტიციები

ფილარმონია

თუ გსურთ, რომ ქალაქ თბილისს მელიქიშვილის გამზირზე დაუბრუნდეს ღირსეული რეპუტაციის, ხარისხის, ტექნიკური და აკუსტიკური მონაცემების საკონცერტო დარბაზი, რომელიც შეასრულებს ქალაქის ფილარმონიული ცხოვრების ფუნქციას, თუ გსურთ, რომ სეზონის დასაწყისში უკვე იცოდეთ თუ რომელ დღეს რა ღონისძიებაზე დასწრებას შეძლებთ, ისე როგორც ეს კარნეგი ჰოლში, ბერლინის, ჰამბურგის, პარიზისა თუ ნიუ იორკის ფილარმონიაშია, თუ გსურთ, რომ ყოველი კვირის განმავლობაში თითქმის ყოველ დღე თბილისის მთავარი სცენა დატვირთული იყოს კლასიკური, ჯაზური, პოპ, როკ, ელექტრონული მუსიკის კონცერტებით, ტარდებოდეს კოლაბორაციები და ექსპერიმენტები, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, თუ გსურთ, რომ ფილარმონიაში ყოველთვის მოგყავდეთ თქვენი შვილები და შვილიშვილები, ვისთვისაც ჩვენ ჩავატარებთ საგანმანათლებლო, შწმეცნებით და გემოვნების დახვეწისკენ გამიზნულ საღამოებს, რომელზე დასწრებაც სპეციალური პროგრამების დახმარებით უფასო ან ძალზედ ხელმისაწვდომი იქნება საქართველოში თითოეული ოჯახისათვის. თუ გსურთ, რომ ყველა ჟანრის ცნობილი არტისტების კალენდარში მეზობელი ქვეყნების დედაქალაქებთან ერთად თბილისიც გაჩნდეს, მაგრამ ბილეთის ფასი არ იყოს კონცერტებზე დასწრების შემაფერხებელი გარემოება, თუ გსურთ, რომ თბილისის საკონცერტო დარბაზი გახდეს თანამედროვე კულტურული პროცესების ფლაგმანი, ტარდებოდეს ფესტივალები და კონკურსები, ახალი თაობის მუსიკოსებს, ჯგუფებს, ანსამბლებს, არტისტებს საიჯარო გადასახადის გარეშე, დარბაზის მენეჯმენტის ინიციატივით ახალი პროექტების განხორციელების, საკუთარი თავის რეალიზების და აგრევე სიმფონიურ ორკესტრთან კოლაბორაციის საშუალება ეძლეოდეთ, თუ გსურთ თანამედროვე საბალეტო და საოპერო, ექსპერიმენტული ჟანრების და აგრეთვე მიუზიკლების კერაც ფილარმონია გახდეს და მასში პროცესები იყოს მსოფლიო ფილარმონიულ საზოგადოებებთან პარალელურ და კოორდინირებულ მართვაში, და ბოლოს: თუ გსურთ, რომ 95 წლიანი ისტორიის მქონე ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული ფილარმონიული ორკესტრი 20 წლიანი ურთულესი და უსამართლო პერიოდის შემდეგ დაუბრუნდეს ფილარმონიის სცენას და შესაფერის პირობებში განაგრძონ შემოქმედებითი საქმიანობა, სეზონის აგება და განხორციელება, მსოფლიო სცენების ვარსკვლავების მოწვევა, რათა ჩვენი ქვეყნის პუბლიკას დამსახურებულად გაუჩნდეს საშუალება თანამედროვე ევროპული პროცესების თანამონაწილე საკუთარ სამშობლოში გახდეს, თუ გსურთ, რომ სამართლიანობამ გაიმარჯვოს მხარი დაგვიჭირეთ. პეტიცია სამართლებრივი შანსია ყური დაგვიგდონ გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა და გაითვალისწინონ ფართო საზოგადოების, მუსიკოსების, ხელოვანების, მსმენელების, მაყურებლების, გულშემატკივრების თხოვნა! ნიკოლოზ რაჭველი

სტატუსი: დაარქივებული
დარჩენილია ხმა
ხელმოწერები: 89 / 10000
კატეგორია:: კულტურა,
ვადა: 0 დღე
შექმნის თარიღი: 20 იანვარი 2020
ავტორი: ნიკოლოზ რაჭველი მემანიშვილი