პეტიციები

მიტოვებული სამეცნიერო ბიბლიოთეკის თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცედ ქცევის იდეა

თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე ტექნიკური სამეცნიერო ბიბლიოთეკის შენობა თავისი სტილით გვიანდელი საბჭოთა მოდერნისტული არქიტექტურის ერთ-ერთი გამორჩეული ნიმუშია. ის 1985 წელს აშენდა და მისი პროექტის ავტორია იმ დროის ცნობილი ქართველი არქიტექტორი გარი ბიჭიაშვილი. შენობა განკუთვნილი იყო როგორც ტექნიკური ლიტერატურის შესანახად, ასევე ეროვნული სამეცნიერო მიღწევების არქივისათვის. სამწუხაროდ, ტექნიკურმა ბიბლიოთეკამ ვერ მოასწრო დიდხანს თავის დანიშნულებით არსებობა, დღესდღეისობით კი ის ნგრევის პირასაა და დაკარგული აქვს ფუნქცია. შენობის პირველ სართულზე განთავსებულია კაზინო და სხვადასხვა სავაჭრო ობიექტი. ჩვენი მიზანია უფუნქციო შენობა გარდაიქმნას მულტიფუნქციურ თანამედროვე საჯარო საგანმანათლებლო ცენტრად, რომელიც სტუდენტებს საშუალებას მისცემდა თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობის გამოყენებით, უფასოდ ჩაეტარებინათ კვლევითი სამუშაოები, ხელმისაწვდომი იქნებოდა, როგორც ზრდასრულებისთვის, ასევე მეცნიერებითა და ტექნიკით დაინტერესებული მოზარდებისთვისაც. საერთაშორისო გამოცდილებები გვიჩვენებს, რომ ასეთი საგანმანათლებლო ცენტრები იზიდავს ტურისტებს და, ამდენად, ეკონომიურადაც რენტაბელურია. სამაგალითოდ შეიძლება 2017 წელს ფინეთის მთავრობის მიერ ჰელსინკიში დაარსებული ახალი მულტიფუნქციური საჯარო შენობა, რომლითაც სარგებლობენ არა მხოლოდ ფინელები, არამედ ქვეყნის სტუმრებიც. სტატისტიკის მიხედვით, შენობის ვიზიტორების რაოდენობამ 2018 წელს მილიონს გადააჭარბა და ტურისტებისთვის მიმზიდველ ადგილადაც იქცა. ეს კონკრეტული პროექტი შესაძლოა საბჭოთა მემკვიდრეობის გონივრული გამოყენების საუკეთესო ნიმუში გახდეს, როდესაც არქიტექტურის ძეგლიც თავის სახეს ინარჩუნებს, ხოლო პირვანდელ დანიშნულებას არათუ არ კარგავს, არამედ თანამედროვეობის მოთხოვნილებების შესაბამისად ავითარებს.

სტატუსი: დაარქივებული
დარჩენილია ხმა
ხელმოწერები: 443 / 10000
კატეგორია:: განათლება, ეკონომიკა,
ვადა: 0 დღე
შექმნის თარიღი: 07 ნოემბერი 2019
ავტორი: ერეკლე ჩინჩალაძე