პეტიციები

კასპი ცემენტის მტ(ვ)რის გარეშე

ჩვენ ვართ კასპის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ადამიანები. ჩვენს წინაპრებს, ჩვენ და ჩვენს მომავალ თაობას ნახევარ საუკუნეზე მეტია გვიწევს ცემენტის მტვერში დაბადება, ცხოვრება და სიკვდილი. ცემენტის მტვერს ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედება გააჩნია. დადასტურებულია, რომ იგი იწვევს სხვადასხვა დაავადებებს, როგორიცაა სასუნთქი გზების დაავადებები, სიმსივნური დაავადებები და ა.შ. დაავადებების გამომწვევი კი ცემენტის წარმოების უსაფრთხოების წესების დარღვევაა, რომელსაც აშკარად აქვს ადგილი კასპის მუნიციპალიტეტში. ამასთან, ადვილად ამტვერებადი მასალის მტვერი მისი ჰაერთან ადვილად თავსებადობის გამო, მარტივად ვრცელდება დიდ მანძილზე და იწვევს მეზობელი მუნიციპალიტეტების ცემენტის მტვრით დაბინძურებასაც. მუნიციპალიტეტში არ კონტროლდება რა პირობებში ხდება ქარხნების მუშაობა, დაცულია თუ არა გარემოს დაცვის სფეროში მოქმედი სტანდარტები. ჩვენთვის, ადგილობრივი მოსახლეობისთვის ნათელია, რომ ყოველდღიურად ხდება ქალაქის დამტვერიანება, როგორც სტაციონარული წყაროებიდან, ისე ცემენტის გადამზიდი მანქანებიდან. ფაქტია, რომ რიგი ცემენტის გადამამუშავებელი საწარმოები ფუნქციონირებენ კუსტარულად, ყოვლად გაუმართლებელი მეთოდებით მნიშვნელოვან ზიანს აყენებენ ჩვენს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. გარდა აღნიშნულისა, არსებული საწარმოები ცემენტის საწარმოებლად იყენებენ მუნიციპალიტეტში არსებულ წიაღისეულს, რომელთა გადაზიდვა ხორციელდება ქალაქშივე არსებული სატრანსპორტო გზებით, რაც დამატებით წარმოადგენს მნიშვნელოვან პრობლემას, ვინაიდან წიაღისეულის გადაზიდვისას არ არის დაცული შესაბამისი უსაფრთხოების სტანდარტები და ხდება დასახლებული პუნქტების სატვირთო ავტომობილების მიერ დაბინძურება. საწარმოების მიერ ცემენტის საწარმოებლად საჭირო ნედლეულის გადასაზიდად, იყენებენ გზას, რომელიც აკავშირებს წიაღისეულის საბადოსა და ჰაიდელბერგცემენტის ქარხანას. აღნიშნული გზა წარმოადგენს ღია გრუნტოვან სავალ ნაწილს, ხოლო მასზე სატვირთო ავტომობილების გადაადგილება იწვევს ძლიერ დამტვერიანებას, რაც ანადგურებს აღნიშნული გზის მიმდებარედ არსებულ ათობით ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს. მაშინ, როდესაც სახელმწიფოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, გამოცხადებული აქვს ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღირებულებად და დაცვის ობიექტად, ცემენტის მწარმოებლები, საკუთარი ვიწრო ბიზნეს ინტერესების გამო ანადგურებენ ზემოაღნიშნული რაოდენობის მიწებს, სადაც შეუძლებელია სასოფლო - სამეურნეო პროდუქციის წარმოება დაბინძურების მაღალი ხარისხის გამო. ამ ვითარებას ვუყურებთ ყოველდღე და რაც მთავარია ვსუნთქავთ, არა მარტო ჩვენ, არამედ ჩვენი შვილები, ეს მტვერი აბინძურებს საკვებს, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებს და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მოსავლიანობას. დღეის მდგომარეობით არსებითად არის გაუარესებული მდგომარეობა, რადგან კასპსა და მის შემოგარენში ჰაერი არის გაჟღენთილი ცემენტისა და სხვადასხვა ამტვერებადი მასალის მტვრით. იმის გამო, რომ არ მუშავდება სველი მეთოდით ქუჩები, ეს მტვერი უფრო და უფრო ძლიერდება, ასევე ქალაქში სავარაუდოდ არსებობს ბევრი ქვის გადასამუშავებელი და ცემენტის დაფქვის ციკლის მქონე ქარხანა. მოძრაობს უამრავი სატვირთო ავტომობილი, რომლებიც არ იცავენ არანაირ სტანდარტს. ცემენტით, კლინკერით და სხვადასხვა ამტვერებადი მასალით სატვირთო მანქანები მაღალი სიჩქარით გადაადგილდებიან ღია მისაბმელით, რაც კიდევ უფრო ამძიმებს მდგომარეობას. დღეის მდგომარეობით, კასპის მუნიციპალიტეტში კირქვის მოპოვების 17 ლიცენზიაა გაცემული. ჩვენი დაკვირვებით, საწარმოები გარემოს დაცვის გარეშე მოიპოვებენ ბუნებრივ რესურსს. მოსახლეობა შეწუხებულია, ყოველდღიურად ხდება დიდი რაოდენობით სატვირთო მანქანების უკონტროლო გადაადგილება დატვირთულ მდგომარეობაში, ღია წესით, საგზაო მოძრაობის წესების დაუცველად - დასახლებულ პუნქტებში დიდი სიჩქარით. ამასთან, საწარმოები ჰაერში აფრქვევენ დიდი რაოდენობით მტვერს, რომელიც ილექება მიწის ზედაპირებზე და მოსახლეობის სახლის სახურავები, მანქანები, ეზოები სავსეა მტვრით. არავის აქვს უფლება ხელყოს ჩვენი და ჩვენი შვილების სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლება. აქედან გამომდინარე, სანამ მივმართავთ საქართველოს კონსტიტუციით, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით, ორჰუსის კონვენციით აღიარებული უფლებების რეალიზების კანონმდებლობით გათვალისწინებულ საშუალებებს, ჩვენ, კასპის მოსახლეობა, გამოვხატავთ ნებას - არ დავუშვათ ჩვენი საცხოვრებელი გარემოს სასიკვდილო და უკონტროლო დაბინძურების გაგრძელება. ჩვენ არ ვაპირებთ მშვიდად ვუყუროთ ამ ყველაფერს და მოვითხოვთ, თქვენი კომპეტენციისა და საქართველოსა და ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების 301-ე 302-ე, 304-ე მუხლებით აღებული გარემოსდაცვითი ვალდებულებების (მათ შორის, ზედამხედველობისა და აღსრულების) ფარგლებში დეტალურად შეისწავლოთ კასპის მუნიციპალიტეტში არსებული ყველა ცემენტის დაფქვის ციკლის მქონე ქარხანა და თუ ისინი არ აკმაყოფილებენ მოთხოვნებს, ჩამოერთვათ შესაბამისი საწარმოო ნებართვა, ვიდრე არ მოახდენენ გადაიარაღებას (და უზრუნველყოფილი არ იქნება უსაფრთხო სამუშაო პროცესი).

სტატუსი: დადასტურებული და გამოქვეყნებული
დარჩენილია ხმა
ხელმოწერები: 114 / 10 000
კატეგორია:: გარემოს დაცვა,
ვადა: 17 დღე
შექმნის თარიღი: 07 ნოემბერი 2019
ავტორი: სოფიო ქურთაული