პ ე ტ ი ც ი ა აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება ერთ-ერთი მწვავე სენია, რომელიც ანგრევს ადამიანების, განსაკუთრებით მოზარდების ჯანსაღ ფსიქიკურ განვითარებას და აზიანებს ოჯახებს. მიუხედავად ამისა, საქართველოში არსებული საკანონმდებლო ბაზა არა თუ იცავს ახალ თაობას, არამედ ხელს უწყობს მოზარდების ჩართვას აზარტულ თამაშობებში. ამ პროცესების პარალელურად კი საგრძნობლად იზრდება თვითმკვლელობების, სიღარიბის, უძრავ/მოძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების დაკარგვის, ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული კრიმინალის და ოჯახური ძალადობის მაჩვენებლები. ჩვენ მოვითხოვთ, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისგან, რაც შეიძლება სწრაფი და ეფექტური ნაბიჯები გადადგას აზარტული თამაშების ადეკვატურ, სამართლებრივ ჩარჩოებში მოსაქცევად, რომლის გამოცდილებაც დიდი ხანია არსებობს განვითარებულ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოს პარტნიორ ევროკავშირის სახელმწიფოებში. მოვითხოვთ, საქართველოს მთავრობამ შეიმუშავოს სწრაფი ეკონომიკური ზრდის ისეთი რეალური გეგმა, რომელიც არ იქნება დამოკიდებული მხოლოდ აზარტული თამაშებიდან, ჩვენი ახალგაზრდების ჯანმრთელობისა და მომავლის ხარჯზე მიღებულ შემოსავალზე. პირიქით, ხელისუფლებამ უნდა განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობის ზედმიწევნითი აღსრულება და შეიმუშაოს აზარტული თამაშების წინააღმდეგ აქტიური პრევენციული კამპანიის გეგმა. მოვითხოვთ დაწესდეს შემდეგი შეზღუდვები აზარტულ თამაშებზე: 1. სასწრაფოდ, აიკრძალოს 25 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქის აზარტული ან მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილას შესვლა ან/და თამაშობაში (მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ ან მომგებიან თამაშობაში) მონაწილეობა და რეგისტრაცია. ამ დრომდე რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეუჩერდეთ სტატუსი და შეეზღუდოთ თამაშის უფლება; მოხდეს აკრძალვის ზედმიწევნითი აღსულება. პრობლემის სიმწვავიდან გამომდინარე, მთავრობამ სასწრაფოდ გამოყოს სახსრები ლუდომანიით დაავადებულთა დასახმარებელი/ პრევენციული პროგრამებისთვის, მათ შორის ცხელი ხაზის ასამოქმედებლად. 2. სასწრაფოდ, სრულად აიკრძალოს, როგორც სახმელეთო ასევე სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული და მომგებიანი თამაშობების ყველა სახის რეკლამა, პოპულარიზაცია და სპონსორობა. აკრძალვა მათ შორის უნდა შეეხოს ტელევიზიას, რადიოს, ინტერნეტ მედიას, სოციალურ მედიას, ციფრულ ვებ-გვერდებს, ბლოგებს, გარე რეკლამებს განთავსებულს ბილბორდებზე, ლაითბოქსებზე, ავტობუსებზე, ავტობუსის გაჩერებებზე, სამარშრუტო ტაქსებზე და ა.შ. 3. სასწრაფოდ გამკაცრდეს სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული და მომგებიანი თამაშობების რეგულირება. ამასთან მთავრობამ სასწრაფოდ წარმოადგინოს სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი თამაშობების ხელმისაწვდომობის მაქსიმალური შეზღუდვის გეგმა. 4. სასწრაფოდ ხელისუფლებამ წარმოადგინოს ტურიზმის ზრდის ამოცანასთან დაკავშირებული დასაბუთებული გრძელვადიანი გეგმა, რომლის ფარგლებშიც ხმელეთის კაზინოები განთავსდება კონკრეტულ სპეციალურ ტურისტულ ზონებში. კომისიის გადაწყვეტილება 25 თებერვალი 2020 წელი 2019 წლის 4 ნოემბერს, მოქალაქე ანა დოლიძემ, საქართველოს მთავრობის ელექტრონულ პორტალზე ichange.gov.ge შექმნა პეტიცია - „კამპანია აზარტული თამაშების წინააღმდეგ“. პორტალის მუშაობასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება საქართველოს მთავრობის 2017 წლის 18 მაისის №245 დადგენილებით. პეტიციამ, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ხელმოწერების რაოდენობა შეაგროვა 2019 წლის 4 დეკემბერს. პეტიციის თანახმად, პეტიციის ავტორი და ხელმომწერები აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისგან ითხოვენ სწრაფი და ეფექტური ნაბიჯების გადადგმას აზარტული თამაშების ადეკვატურ სამართლებრივ ჩარჩოებში მოსაქცევად. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 18 მაისის №245 დადგენილებით შექმნილმა პეტიციების განსახილველმა ექსპერტთა კომისიამ განიხილა ზემოაღნიშნული პეტიცია და აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობამ 2017 წლის 11 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოიწონა და საქართველოს პარლამენტს განსახილველად წარუდგინა საკანონმდებლო ცვლილებები „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში, საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (ავტორია საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, პარლამენტში რეგისტრაციის ნომერი - 07-2 /137/9), რომლებიც მოიცავს: 1. აზარტულ და მომგებიან თამაშებთან დაკავშირებული ადმინისტრირების გამკაცრებას; 2. მოთამაშეთა მინიმალური ასაკის გაზრდას; 3. მოთამაშეთა ერთიანი ელექტრონული სიის შემოღებას და სხვა; აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, ეთხოვოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, როგორც ზემოხსენებული კანონპროექტის ავტორს, მოახდინოს პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილებების განხილვის გააქტიურება და საპარლამენტო განხილვების დროს, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ცვლილებების განხორციელება შემდეგი მიმართულებით: 1. ლუდომანიის წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებებისა, მათ შორის ცხელი ხაზის ამოქმედება; 2. ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით რეკლამირებასთან დაკავშირებული საკითხების გამკაცრება/რეგულირება.