პეტიციები

(კაფე-ბარებში ჩილიმის მოხმარების დასაშვებობის შესახებ

პ ე ტ ი ც ი ა (კაფე-ბარებში ჩილიმის მოხმარების დასაშვებობის შესახებ) მოგეხსენებათ, „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შესახებ 2017 წლის 17 მაისს მიღებული კანონი ძალაში შევიდა 2018 წლის 1 მაისს. განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები ეხება თამბაქოს მოწევის აკრძალვას თითქმის ყველა საჯარო და კერძო დახურულ სივრცეში (მცირე გამონაკლიების გარდა), ასევე ზოგიერთ ღია სივრცესა და შეკრებებზე. მთელი რიგი რეგულაციები დადგინდა თამბაქოს პოპულარიზაციის აკრძალვის და რეალიზაციის შეზღუდვის მიზნით. არ შეიძლება ზოგადად პოზიტიურის შეფასება არ მიეცეს სახელმწიფოს მხრიდან გადამდგმულ ამ ნაბიჯს, რომელიც მიზნად ისახავს თამბაქოთი გამოწვეული დაავადებიანობის და სიკვდილიანობის დათამბაქოთი გამოწვეული ეკონომიკური და სოციალური ზარალის შემცირებას. გვჯერა, რომ ეს ცვლილებები შედეგიანი იქნება თამბაქოს მოხმარების გავრცელების ზრდის შეჩერების და შემცირების მმართულებით და რომ ის თავისთავად ემსახურება როგორც მწეველი, ისე არამწეველი მოსახლეობის ინტერესებს. მიუხედავად კანონის უდავოდ პოზიტიური ნიადაგისა, არ შეიძლება მხედველობის მიღმა დავტოვოთ კანონის ის მხარეები, რომელიც ერთის მხრივ ეხება კანონით რეგულირებული პროდუქციის მომხმარებელთა, ხოლო მეორეს მხრივ ამ ბიზნესში ჩართულ სუბიექტთა ინტერესებს. ბუნებრივია, შორს ვართ იმ აზრისგან, რომ მწეველთა ან თუნდაც თამბაქოს ბიზნესით დაინტერესებული სუბიექტების ინეტერესები უპირატესია არამწეველთა ინტერესებთან ან თუნდაც ზოგადად ამ ცვლილებებით გამიზნულ პოზიტიურ შედეგთან, თუმცა, ფაქტია, რომ არსებობს საკითხები, რომლებიც ამ კუთხით მოითხოვს რეგულირებას და მათი იგნორირება არ წაადგება სახელმწიფო ინტერესებს. მოგეხსენებათ, ნებისმიერი საკითხის დარეგულირება არ გულისხმობს საკითხის ცალმხრივად მოწესრიგებას აკრძალვის ნეგატიური მხარეების უგულვებელყოფით, არამედ მოიაზრებს მის მიმართ პოლიტიკის შემუშავებას, რომელიც მთლიანობაში არ დააზარალებს არც კანონის მთავარ მიზანს და არც კერძო სუბიექტების ინტერესებს, რაც თავისთავად ბმაშია სახელმწიფო ინტერესებთან საკმაოდ მოცულობითი შემოსავლებისა და ტურიზმის ხელშეწყობის კუთხით. კანონის მიზანიც ხომ ეს არის, არა კონკრეტული სეგმენტის უფლებების დაცვა, არამედ სხვადასხვა პირთა უფლებათა შორის ბალანსის დაცვა. სწორედ ამ მიზნით, თამბაქოს კონტროლის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჩარჩო-კონვენციამ (რომელიც მიღებული იქნა 2003 წლის 21 მაისს, ხოლო საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული იქნა 2005 წლის 16 დეკემბერს), სპეციალური მუხლი მიუძღვნა მსგავს საკითხებს. კერძოდ, ხსენებული კონვენციის მე-17 მუხლმა დაავალდებულა ხელშეკრულების მხარეები, რომ მათ როგორც ერთმანეთთან, ისე უფლებამოსილ საერთაშორისო და რეგიონულ მთავრობათ შორის ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გზით, სათანადოდ შეუწყონ ხელი თამბაქოს წარმოების სფეროში დასაქმებულ, ასევე თამბაქოს მომყვანი პირების და ცალკეული გამსაღებლების ეკონომიკურად ეფექტური ალტერნატიული საქმიანობით უზრუნნველყოფას. ზემოთქმულით გვინდოდა თქვენი ყურადღება გაგვემახვილებინა იმ ფიზიკური და იურიდიული პირების ინტერესებზე, რომლების წარმოადგენენ ჩილიმ-ბარების მეპატრონეებს და მომხმარებლებს. მოგეხსენებათ, ზემოხსენებული საკანონმდებლო ცვლილებების ფარგლებში თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის ამკრძალავი რეგულაციები შეეხო ყველა სახით თამბქოს მოხმარებას, მათ შორის ჩილიმის მოხმარებას. ამასთან მნიშვნელოვანია, რომ განსხავევებით პაპიროსის, სიგარისა და სიგარილასგან, რომელთა მიმართაც კანონმდებელმა დაუშვა შეზღუდული მოხმარების რეგულაციები სალიცენზიო პირობების ფარგლებში, ჩილიმზე გავრცელდა ამკრძალავი რეგულაციები, ყოველგვარი თუნდაც მსგავსი შეზღუდვების გათვალისწინებისა. ვფიქრობთ, რომ კანონმდებლის მიერ შემოთავაზებული რეგულაციები ჩილიმთან მიმართებაში არაპროპორციულია და ამავე საფუძვლით ვერ ამართლებს კანონის მიზანს, კერძოდ მხედველობაში გვაქვს შემდეგი: - კანონმა სალიცენზიო პირობებში შეზღუდული მოხმარების უფლება დაუშვა პაპიროსზე, სიგარაზე და სიგარელაზე და მათთვის გაითვალისწინა სალიცენზიო პირობები, ამგვარი ბარების სათანადო აღჭურვის პირობებში, თუმცა მსგავსი რეგულაციები გაურკვეველი საფუძვლით არ გაითვალისწინა ჩილმის მოხმარებაში, რომელიც არსებული კვლევების თანახმად, ხასიათდება გაცილებით ნაკლები მავნებლობით და არ იწვევს მიჩვევას; - კანონმა ყურადღების მიღმა დატოვა ის ფაქტი, რომ ჩილიმ-ბარები მაღალი პოპულარობით სარგებლობს ტურისტებს შორის. ჩვენს ხელთ არსებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ჩილიმ-ბარების მომხმარებელბის 95 პროცენტს ტურისტები წარმოადგენენ. მათთვის ჩილიმი არის განტვირთვის ერთგვარი საშუალებას, დატვირთული ტურისტული მარშრუტების გავლის შემდგომ. ტურისტების განმარტებითვე, ჩილიმი მათთვის წარმოადგენს საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე მდგარი ქვეყნის კულტურული სინთეზის ერთ-ერთ თვალსაჩინოებას. ამ კუთხით, ჩილიმ-ბარები ქვეყანაში ტურისტების მოზიდვისა და შენარჩუნების მნიშვნელოვანი კომპონენტია; - ტურიზმის საკითხთან ბმაშია საქართველოში არსებული საკმოდ სოლიდური რაოდენობის კაფე-ბარების მეპატრონეთა ინტერესები, სადაც მომხმარებლებს განხილული საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებამდე, შეეძლოთ ჩილიმის მოწევის სერვისის მიღება. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, საქართელოში არსებული 1200-მდე ბარ-რესტორნიდან დაახლოებით 30% იყო ადგილები, სადაც ტურისტები მოიხმარდნენ ჩილიმს. ამ ბარების მომხმარებლებისთვის, სწორედ ჩილიმი წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ ხიბლს და მათი მომსახურებით დაინტერესების კომპონენტს. შესაბამისად, ასეთ ბარ-რესტორნებში ჩილიმის მოწევის აკრძალვა ბუნებრივია აისახება როგორც ამ ბარ-რესტორნების შემოსავლებზე, ისე მათ მიერ სახელმწიფოს ბიუჯეტში შეტანილ წვლილზე, რაც მათ მიერ გადახდილი გადასახადების პირდაპირპოპორციულია. აღარაფერს ვამბობთ თოთოეულ ასეთ ბიზნესში ჩადებული ათეულობით ათასი აშშ დოლარის ინვესტიციაზე და ამ ბიზნესის განვითარებაზე, რასაც ცალსახად ზარალიან პერსპექტივას უქმნის განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები და ასეთი ბარების უმეტესობას აყენებს დახურვის რისკის წინაშე. - ყურადღების მიღმა ვერ დავტოვებთ ვერც ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს. ბუნებრივია კანონის ახალი რეგულაციების პირობებში, რაც ასახვას ჰპოვებს კაფე-ბარების შემოსავლების მნიშვნელოვნად შემცირებაზე, გარდაუვალი ხდება ამ სფეროში მომსახურე პერსონალის შემცირება, რაც თავისთავად, მნიშვნელოვნად გაზრდის ქვეყანაში არსებულ უმუშევრობის დონეს. წამოჭრილი პრობლემატიკის არგუმენტირებით, ჩვენ ბუნებრივია არ ვცდილობთ ვამტკიცოთ ზოგადად ჩილიმის ან სხვა სახის თამბაქოს მოხმარების სარგებლიანობა ან/და მისი უპირატესობა კანონის მიზანთან, რომელიც, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, სრულიად გამართლებულია მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის თვალსაზრისით. ჩვენ მხოლოდ ვსაუბრობთ ამგვარი ბიზნესით დაინტერესებული სუბიექტების ინტერესებზე, რაც პროპორციულ ბმაშია საქართველოში ტურიზმის მზარდ განვითარებასთან და საბიუჯეტო შემოსავლების შენარჩუნება-გაზრდასთან, ამ მიზნის ხელშეწყობა კი სრულიად მიღწევადად მიგვაჩნია კანონით დაცული მთავარი მიზნის - მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ინტერესის ხელყოფის გარეშე. კერძოდ, პრობლემის ეფექტური დარეგულირება მიღწევადად მიგვაჩნია კანონის ფარგლებში სპეციალური ბარ-რესტორნების არსებობით, სადაც დაშვებული იქნება ჩილიმის მოხმარება მკაცრად რეგულირებული პირობების ფარგლებში, მათ შორის, სათანადოდ მოწყობილი ინფრასტრუქტურის პირობებში. ასევე, მისაღებად მიგვაჩნია, თუნდაც სპეციალური სალიცენზიო პირობების დადგენა ჩილიმ-ბარებზე, რაც მოიაზრებს მკაცრ რეგულირებას, იზოლირებულ სივრცეებს, არასრულწყლოვნებისგან დაცულობას და ა.შ. შემოთავაზებული რეგულაციებით ჩილიმ-ბარები მოემსახურება ამ სერვისით დაინტერესებულ სრულწლოვან ადამიანებს, დანარჩენი მოსახლეობის ინტერესების შეულახავად, ხოლო მეორეს მხრივ უზრუნველყოფს ამ სფეროში მომსახურე სუბიექტების ინტერესების დაცვას და შემოსავლების შენარჩუნებას, რაც თავის მხრივ, ამგვარი შეზღუდული რეგულაციის ჩარჩოებშიც კი, ისევ მოქალაქეთა და სახელმწიფოს ინტერესების სამსახურში იდგება. სწორედ ამგვარი მოსაზრებები დაედო საფუძვლად თამბაქოს რეგულაციებს ბევრ ევროპულ ქვეყანაში, მათ შორის ავსტრიაში, ბელგიაში, ბულგარეთში, გერმანიაში, ჩეხეთში, იტალიაში, ლატვიაში და სხვა ქვეყნებში, სადაც თამბაქოს მოხმარების რეგულირების პირობებში, მიუხედავად მთელ რიგ სივრცეებში თამბაქოს მოხმარების სრული აკრძალვისა, სახელმწიფოებმა დაუშვეს ღია კაფე-ბარებში, რიგ შემთხვევებში კი სპეციალურად აღჭურვილ, იზოლირებულ კაფე-ბარებში, თამბაქოს, მათ შორის ჩილიმის მოხმარების შესაძლებლობა. მოყვანილი პოზიციების გათვალისწინებით, მოგმართავთ პეტიციით, დასვათ ჩილიმის მოხმარების რეგულაციის საკითხი თქვენს დღის წესრიგში და უზრუნველყოთ აღნიშნული საკითხის საკანონმდებლო დონეზე დარეგულირების ინიცირება/ხელშეწყობა, ამ მიზნით კი მხედველობაში იქონიოთ ადამიანთა კანონით დაცული ინტერესები, რაც ერთის მხრივ მოიაზრებს ადამიანის როგორც ჯანმრთელობის, ისე სახელმწიფოს მხრიდან მის კეთილდღეობაზე ზრუნვას სოციალური და სხვა უფლებების უზრუნველყოფის კუთხით, რაც საქართველოს კონსტიტუციის მე-5 და 32-ე მუხლების თანახმად, სხვა უფლებებთან ერთად მოიაზრებს მოქალაქეთა ეკონომიურ გაძლიერებაზე და დასაქმებაზე სახელმწიფოს ზრუნვის ვალდებულებას. მეორეს მხრივ, ბუნებრივია მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ამ უფლებებსა და სახელმწიფოს საჯარო ინტერესს შორის ბალანსი, რაც თავისთავად გულისხმობს სახელმწიფოს ეკონომიურ გაძლიერებას და ამავე საფუძვლით უკეთ ემსახურება მთავარი ზრუნვის საგანს - მისი მოქალაქეების ინტერესებს. ჩვენ, ამ საკითხით დაინტერესებული სუბიექტები, ჩვენის მხრივ მზად ვართ ღია დისკუსიისთვის და მომსახურების ყველა ასპექტის დეტალური განხილვისთვის, რომ ამ სფეროში შემოთავაზებული ახალი რეგულირების პირობებში არ მოხდეს კონსტიტუციის 37-ე მუხლით გამყარებული და კანონით დაცული მთავარი მიზნის ხელყოფა - ყოველი მოქალაქისთვის უზრუნველყოფილი იყოს ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში ცხოვრების უფლება.

სტატუსი: დაარქივებული
დარჩენილია ხმა
ხელმოწერები: 30 / 10000
კატეგორია:: რეგიონალური განვითარება, ეკონომიკა,
ვადა: 0 დღე
შექმნის თარიღი: 26 ივნისი 2018
ავტორი: გელა ტყებუჩავა